ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დაასრულა ვიზიტი საქართველოშიუკან

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დაასრულა ვიზიტი საქართველოში

თბილისი (2016 წლის 19 თებერვალი) – ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქ-ნი დუბრავკა სიმონოვიჩი ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა თბილისში, ასევე კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს. ვიზიტის ბოლოს ქ-ნმა სიმონოვიჩმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ კი საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში მოწვევისთვის. სწორედ საგრეო საქმეთა სამინისტროს ეკისრა ოფიციალური პროგრამის ორგანიზების პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტია ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრის მანდატის ფარგლებში და მადლობელი ვარ ყველა იმ დაინტერესებული მხარის, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, სოფლების მაცხოვრებლების, დევნილი ქალებისა და გაეროს სააგენტოების (კერძოდ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის) წარმომადგენლებისა, რომლებსაც შევხვდი ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც შემხვდნენ და გამიზიარეს საკუთარი გამოცდილება და პრობლემები.

მე წარმოგიდგენთ ჩემს წინასწარ დასკვნებს. მომავალში მათ კიდევ უფრო სრულვყოფ და უფრო კონკრეტულ და მოქმედებებზე ორიენტირებულ რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი ანგარიშში, რომელიც განიხილება ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე 2016 წლის ივნისში. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პირველადი დასკვნები და ძირითადად საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული საბოლოო რეკომენდაციები,  რომელსაც აკისრია უპირველესი პასუხისმგებლობა - აღკვეთოს და მოახდინოს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, გამოადგება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ჩემი დასკვნები ქვეყანაში განხორციელებულ ვიზიტს ემყარება. ვიზიტისას ჩემი მანდატის ფარგლებში უნდა მომეხდინა არსებული ფართო სამართლებრივი ბაზის იმპლემენტაციის შეფასება. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა მოიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციას, რომლებიც ადგენს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმაა და ადამიანის უფლებათა დარღვევაა. ჩემი დასკვნები ასევე ეყრდნობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის ბოლოდროინდელ რეკომენდაციებს საქართველოს მისამართით იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, მოსაზრებებს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის საფუძველზე საქართველოსთან დაკავშირებით ქალთა მიმართ ძალადობის პირველ საქმესთან მიმართებაში („X და Y საქართველოს წინააღმდეგ“, № 24/2009); კომიტეტის რეკომენდაციები მიუთითებს იმ სისტემურ ნაკლოვანებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საკანონმდებლო ბაზის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ზომების განხორციელებასთან. მე ასევე ვითვალისწინებ საქართველოს საკითხის განხილვას საყოველთაო პერიოდული განხილვის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს შედგა.

ქვეყანაში ჩემი ვიზიტი იმედის მომცემ დროს განხორციელდა, როდესაც მთავრობა, და მალე პარლამენტიც, განიხილავენ სტამბოლის კონვენციის - ახალი ევროპული ინსტრუმენტის, რომელიც არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას - რატიფიცირების საკითხს. საქართველო ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რათა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სტამბოლის კონვენციასთან. ამ ცვლილებების შედეგად ასევე გაუმჯობესდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის განხორციელებაც: ამ უკანასკნელში იგივე ვალდებულებებია განსაზღვრული, რაც სტამბოლის კონვენციაში: ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მოძალადეთა დასჯა, კანონებისა და პოლიტიკის კოორდინირებისა და განხორციელებისთვის ადეკვატური სამსახურების უზრუნველყოფა, ასევე რეპარაცია, მათ შორის ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემა.

იუსტიციის სამინისტრომ ითავა 17 კონკრეტულ კანონში ცვლილებების განხორციელება, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს სტამბოლის კონვენციასთან. მე დაბეჯითებით მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, მოკლე დროში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, განსაკუთრებით კი ხაზგასასმელია კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ.

საქართველოს მთავრობამ წარმოაჩინა თავისი სურვილი და მზადყოფნა, გააუმჯობესოს ზოგადად ქალების მდგომარეობა, კერძოდ კი ებრძოლოს ოჯახში ძალადობას. მაგრამ, მიუხედავად ქალების მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად რიგი კანონების მიღების, პოლიტიკის და ინსტიტუციური ღონისძიებების გატარებისა, მათ შორის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის კანონის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის კანონის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის კანონისა, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის საფუძველზე, ასევე მიუხედავად პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის და პრემიერ-მინისტრის აპარატში ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში  მრჩევლის პოზიციის შემოღებისა, არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი არ არის ყოვლისმომცველი სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც აწარმოებდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინირებას და მის ეფექტიან განხორციელებას და მონიტორინგს.

აღნიშნული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

ტრენინგი და ცნობიერების დონის ამაღლება

გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს პრევენციის ხელშეწყობა და მოსახლეობაში, მათ შორის მამაკაცებსა და ბიჭებს შორის, ქალებისა და გოგონების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების გაგრძელება იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელია ძალადობა გენდერული ნიშნით, მათ შორის ადრეული ქორწინებებიც, ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები და მათ მიერ უფრო პროაქტიულად ხდება შემაკავებელი ორდერების გაცემა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გააგრძელოს პოლიციაში ქალი თანამშრომლების რაოდენობის ზრდა. მათ შეუძლიათ საკვანძო როლის შესრულება ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და მსხვერპლთათვის ყველანაირი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების მხრივ და საქმეების წარმართვა გენდერული თვალსაზრისით სენსიტიურად. ამის შედეგად შესაძლებელი იქნება მსხვერპლთა რევიქტიმიზაციისა და ძალადობის ციკლის მუდმივად გამეორების საშიშროების თავიდან აცილება. მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს პოლიციის თანამშრომელთა ტრენინგი მთელ ქვეყანაში, რათა ბოლო მოუღოს ძალადობას. გენდერული ნიშნით სასტიკი ძალადობის, მათ შორის ქალთა მკვლელობის შემთხვევათა პრევენციისათვის ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სოციალურ მუშაკებს და სხვა სპეციალისტებს, მათ შორის ექიმებსა და მასწავლებლებს, ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და პოლიციისთვის შეტყობინებაში.

გარდა ამისა, მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას სასამართლო სისტემის მუშაკებისთვის, მათ შორის პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის, ქალთა უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტების, მათ შორის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციისა და სათანადო პრაქტიკის შესახებ ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობაც, რათა ქვეყნის დონეზე უზრუნველყოფილი იქნეს კანონების გამოყენება გენდერული ასპექტის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.

აუცილებელია ქალებისა და გოგონების, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლების, უფრო მეტად გაძლიერება. განათლებას, მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხებში, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქალების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და არსებითი თანასწორობის მისაღწევად, რისთვისაც გენდერული თანასწორობის საკითხები შეტანილი უნდა იქნეს სასწავლო პროგრამებში განათლების ყველა საფეხურზე. ძალზე კმაყოფილი დავრჩი, როდესაც განათლების სამინისტრომ მაცნობა, რომ არსებობს გენდერული საკითხის სასწავლო პროგრამაში შეტანის სურვილი და მზადყოფნა. დაბეჯითებით მოვუწოდებ მთავრობას, რომ პროგრამაში ასევე შეტანილი იქნეს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების სფეროში განათლების საკითხები.

მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

ვიზიტის განმავლობაში შევიტყვე, რომ არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური მონაცემები ქალების მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით. მე გადმომცეს გარკვეული მონაცემები ქვეყანაში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა ფორმის, ასევე სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, სექსუალური შევიწროებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2014 წელს 34 ქალი იქნა მოკლული, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული იქნა ინტიმური პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობის 13 ფაქტი. მე ვაღიარებ საქართველოში ქალთა მკვლელობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების მხრივ გადადმულ ნაბიჯებს და მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს მიმართ - რომ მათ დანერგონ მეთვალყურეობა „ქალთა მკვლელობისა“ თუ „გენდერული ნიშნით მკვლელობის“ შემთხვევებზე, რომლის მეშვეობით წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნებენ წლის განმავლობაში მომხდარი ქალთა მკვლელობისა თუ გენდერული ნიშნით მკვლელობის შემთხვევათა რაოდენობას; ეს მონაცემები კლასიფიცირებული უნდა იყოს მოძალადეთა ასაკისა და სქესის, ასევე მოძალადესა და მსხვერპლს თუ მსხვერპლებს შორის კავშირის მიხედვით. ასევე უნდა შეგროვდეს და გამოქვეყნდეს ინფორმაცია მოძალადეთა სამართლებრივი დევნისა და დასჯის შესახებ. ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე საგულდაგულოდ უნდა იქნეს გაანალიზებული ქალთა მკვლელობის თითოეული შემთხვევა, რათა იდენტიფიცირებული იქნეს დაცვაში არსებული ნებისმიერი ნაკლოვანება და გაუმჯობესდეს და შემუშავდეს დამატებითი პრევენციული ზომები.

დაცვა, მართლმსაჯულება და რეაბილიტაცია

ვიზიტის დროს მომაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მრავალი გამოწვევა ხვდებათ დაცვის, მართლმსაჯულებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, დაარღვიონ ეს საშინელი ტაბუ, საზოგადოება - განსაკუთრებით სოფლად - და/ან პოლიცია აიძულებს დარჩნენ მოძალადეებთან და ხდება არა მარტო მათი რევიქტიმიზაცია, არამედ მათ ემუქრებათ ახალი ძალადობის რისკიც. და თუმცა პოლიციის აღნიშნული de facto პრაქტიკა თითქოს შემცირებულია, მაგრამ მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადეებს კვლავ სთხოვენ, ხელი მოაწერონ „გაფრთხილების წერილს“ (რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს), რომლის საფუძველზე ისინი დებენ პირობას, რომ არ მიმართავენ ძალადობას საკუთარი პარტნიორის მიმართ.

ხშირად იმ ქალებს, რომლებიც პოლიციას ძალადობის შემთხვევებს ატყობინებენ, კვლავ უსვამენ კითხვას: „რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ასეთი ძალადობა გამოგეწვიათ?“, რაც ცხადყოფს, რომ სტერეოტიპები ჯერ კიდევ ძლიერია, ასევე იმას, რომ არსებობს სირთულეები საქმის ინიცირებაში მსხვერპლის მხრიდან განაცხადის წარდგენის საჭიროების გარეშე. არ ხდება ოჯახში ძალადობის ჩამდენთა ex officio სამართლებრივი დევნა და მსხვერპლებს თავად უხდებათ იმის გადაწყვეტა, სურთ თუ არა სისხლის სამართლის პროცედურის აღძვრა.

მიუხედავად ბოლო წლებში გამოცემული შემაკავებელი ორდერების - რომელთა მოქმედების ვადა მაქსიმუმ ერთი თვეა - მზარდი რაოდენობისა, ძალადობის მსხვერპლები ჯერ კიდევ აწყდებიან არაერთ დაბრკოლებას, მათ შორის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისო საბჭოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მხრიდან მათთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში. ამ სტატუსის გარეშე ისინი რჩებიან ძალადობის „სავარაუდო მსხვერპლებად“, რასაც მათთვის რამდენიმე შედეგი მოაქვს. მსხვერპლის სტატუსი შესაძლებლობას აძლევს მათ, ითხოვონ ადგილი სახელმწიფოს გამგებლობაში ქვეყნის მასშტაბით არსებული სამი თავშესაფრიდან ერთ-ერთში. მანამდე კი მათ დახმარებას უწევენ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მართული კრიზისული ცენტრები. თუმცა მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დედაქალაქში გაიხსნება პირველი სახელმწიფო კრიზისული ცენტრი. მე დაბეჯითებით ვუწევ მთავრობას რეკომენდაციას, ამგვარი ცენტრები რეგიონებშიც გახსნას.

მნიშვნელოვანია საგანგებოდ აღინიშნოს ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი სოფლად ახალი თავშესაფრების შექმნის გადაუდებელი საჭიროება. მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თავშესაფრებში მცხოვრებ ბევრ ქალს არა აქვს განათლება და სათანადო უნარები და ამიტომ არც შრომის ბაზარზე მიუწვდებათ ხელი, რაც მათ ეკონომიკურად დამოუკიდებლებს გახდიდა და მისცემდა შესაძლებლობას, დაეტოვებინათ თავშესაფრები და/ან ეშოვნათ საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, არ არსებობს დროებითი სპეციალური ზომები ან დროებითი ზომები, რომლებიც იმ ქალებისთვის, რომლებსაც თავშესაფრის დატოვება უხდებათ, უზრუნველყოფდა საცხოვრებლის და/ან დასაქმების მისაწვდომობას, რაც ამ ქალებს უფრო დაუცველებს ხდის და ხელს უწყობს მათ დაბრუნებას მოძალადეებთან და ძალადობის ციკლის გამეორებას.

მე შეშფოთებული ვარ დამცავი ორდერების მცირე რაოდენობის გამო. აღნიშნული ორდერები მსხვერპლებისათვის დაცვის უფრო ხანგრძლივ - ექვს თვემდე - პერიოდს უზრუნველყოფს. საჭიროა დამცავი ორდერების პროაქტიული გაცემა პოლიციისა და პროკურორების მიერ და ისინი დაკავშირებული უნდა იყოს შემაკავებელ ორდერებთან და თითოეულ შემთხვევაში რისკის შეფასებასთან.

 

სოფლად სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობა, კერძოდ კი ოჯახში ძალადობა, უმეტესად ძალზე პირადულ საკითხად აღიქმება და ქალები ნაკლებად ატყობინებენ სათანადო ინსტანციებს ასეთ შემთხვევებს. გარდა ამისა, სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომლებიც თავს აღწევენ მოძალადეებს, უხდებათ საკუთარი სოფლებისა და თემების მიტოვება, რათა საცხოვრებლად გადავიდნენ თავშესაფრებში, რომლებიც მხოლოდ ქალაქებშია განლაგებული.

 

ადრეული/იძულებითი ქორწინება

მე მომაწოდეს, აგრეთვე, ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს ადრეული ქორწინების შემთხვევებსაც. ზოგჯერ ადრეული ქორწინება გოგონების გატაცების შიშით არის გამოწვეული, განსაკუთრებით სოფლად, სადაც გოგონების უმრავლესობა 18 წლამდე, ზოგჯერ კი 16 წლამდეც თხოვდება და ქორწინების გამო სკოლას ტოვებს. ეს გოგონები უკიდურესად მოწყვლადები არიან ძალადობის მიმართ და არა აქვთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომ მიატოვონ მოძალადეები. ამიტომ აუცილებელია კანონის მკაცრი აღსრულება. სხვა სახის მავნე პრაქტიკა, რომლის შესახებაც მე შევიტყვე, მოიცავს, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ქალწულობის შემოწმებას და  სქესის შერჩევით აბორტებს.

 

დისკრიმინაციის  მრავალრიცხოვანი ფორმები, ასევე ის საკითხი, თუ რა კავშირი აქვთ მათ ქალთა მიმართ ძალადობასთან, შემდგომ შესწავლას საჭიროებს. ქალები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებიან და/ან სოფლად ცხოვრობენ, ასევე დევნილი ქალები, უკიდურესად მოწყვლადები არიან გენდერული ძალადობის მიმართ, ხოლო ლესბოსელი, ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი მსხვერპლები დამატებით დისკრიმინაციას განიცდიან.

 

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში

პარლამენტში ქალთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით მე მხარს ვუჭერ სავალდებულო კვოტების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს ქალთა სულ მცირე 30%-იან მონაწილეობას. მე ასევე ველოდები საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიმდინარე წლის ოქტომბერში და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში უფრო მეტი ქალი იქნება არჩეული.

 

დასკვნა

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავის სამართლებრივ სისტემაში სრულყოფილად მოახდინოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების ინტეგრირება და შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე მექანიზმები  ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, რომ დაირღვეს სიჩუმის ციკლი, ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობის პირადულ საკითხად აღქმას და უზრუნველყოფილ იქნეს ყველა და თითოეული ქალისა და გოგონას უფლება - იცხოვროს ისე, რომ მას არ დაემუქროს ძალადობა.“

 

-ნი დუბრავკა სიმონოვიჩი (ხორვატია) ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზების და შედეგების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2015 წლის ივნისში დაინიშნა. მანდატის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის და მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. 2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით -ნი სიმონოვიჩი გახლდათ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის წევრი. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში; გახლდათ ხორვატიის მუდმივი მისიის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკში; აგრეთვე ელჩი ეუთოსა და გაეროში, ვენაში; ასევე იყო თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგანგებო კომიტეტისა (CAHVIO), რომელმაც შეიმუშავა კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ (სტამბულის კონვენცია); აქვს დოქტორის ხარისხი საოჯახო სამართლის სფეროში; არის ავტორი წიგნების და სტატიებისა ადამიანის უფლებებსა და ქალთა უფლებებზე.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს

http://www.ohchr.org/EN/Issues/Women/SRWomen/Pages/SRWomenIndex.aspx