თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორისთვის ტრენინგების ჩატარებას იწყებსუკან

თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორისთვის ტრენინგების ჩატარებას იწყებს
ტრენინგი ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ; ფოტო: UN Women/გვანცა ასათიანი

„ნამდვილი კაცი არაა“, „სულელი“, „ცუდ დედად აღიქვამენ“ – ეს ის სტერეოტიპებია, რომლებიც მონაწილეებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ კერძო სექტორისთვის ჩატარებულ ტრენინგზე დაასახელეს.

ტრენინგი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, თიბისის სათაო ოფისში ჩატარდა. მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ სირთულეები, რომლებსაც გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების მოწინააღმდეგე ადამიანები აწყდებიან. ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა წარმოდგენის შექმნას, თუ რა კავშირია სტერეოტიპებსა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას შორის; აგრეთვე, მის საფუძველზე უნდა მომზადდეს ინსტრუქციები და ამგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მაგალითები.

დისკუსია გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე ტრენინგის ნაწილი იყო და სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებს ეძღვნებოდა. ტრენინგის საფუძველს წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური ზეგავლენის კერძო სექტორის ინსტრუქციები, რომლებიც „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ სახელითაა ცნობილი. ტრენინგი გამიზნული იყო მმართველობითი რგოლისთვის და ითვალისწინებდა პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

მიკრო საფინანსო ორგანიზაცია CREDO-ს წარმომადგენელმა ანა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და ქალთა გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანი საკითხებია. მოვედი ტრენინგზე, რადგანაც მჭირდება კონკრეტული ინსტრუმენტები ჩვენს ბიზნესში გენდერული თანასწორობის დანერგვისა და ხელშეწყობისთვის“.

საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებსა და თანამდებობებზე ქალები ჭარბად არიან წარმოდგენილნი; ქალთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 589 ლარს შეადგენს, ხოლო კაცების ანაზღარურება 940 ლარია. სექსუალური ძალადობა შრომის კოდექსის მიერ სათანადოდ არაა დარეგულირებული; ამავე დროს, სამჯერ მეტი მამაკაცია დამქირავებელი მეწარმე, ხოლო ორჯერ მეტი ქალი - უფასო დიასახლისი. კერძო სექტორი საქართველოს ყველაზე მსხვილი დამქირავებელია და მას შეუძლია, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს ქალთა მონაწილეობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, მათ აქვთ ნიჭიერების გაფართოების საშუალება: უმაღლესი განათლების მქონე ქალების რიცხვი კაცთა რიცხვს აღემატება, კვლევა კი აჩვენებს, რომ მართვისა და პერსონალის მრავალფეროვნებას ბიზნესისთვის დადებითი შედეგები მოაქვს.

თი-ბი-სი ბანკის წარმომადგენელმა ეთუნა ჟვანიამ ტრენინგი ასე შეაფასა: „ჩვენ გავეცანით ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგვეხმარება არსებული სიტუაციის გაანალიზებაში, გენდერული თანასწორობის მიღწევაზე გამიზნული გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. CSR და გენდერული თანასწორობა ბიზნეს კულტურის ნაწილი უნდა გახდეს“.

ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ საპილოტე ტრენინგის კურსი ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ CSR კლუბთან ერთად, რომელშიც 70 ბიზნესკომპანია და სხვა დაინტერესებული პირია გაერთიანებული. ტრენინგში 20 ადამიანი მონაწილეობდა. იგი მიზნად ისახავდა კერძო სექტორისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობას, რომელთაც შრომით და ქალთა უფლებების სფეროებში გამოცდილება აქვთ. მიღებული შედეგები ტრენინგის სახელმძღვანელოს დასასრულებლადაც იქნება გამოყენებული. 2016 წლის გაზაფხულზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბიზნეს ქსელებსა და ასოციაციებთან პარტნიორობით ტრენინგებს ჩაატარებს და ქალთა გაძლიერების შვიდი პრინციპის დანერგვისთვის დახმარების შეთავაზებას გააგრძელებს.