დედამიწის საათი 2016: მომავალი იწყება დღესუკან

დედამიწის საათი 2016: მომავალი იწყება დღეს

19 მარტს საქართველო მერვედ შეუერთდა დედამიწის საათს, მსოფლიოში  ყველაზე მასობრივ გარემოსდაცვით მოძრაობას, რომელიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. დედამიწის საათის დროს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას ჩვენი პლანეტის მიმართ. 

20:30 – 21:30 საათზე, გარე განათება გამოირთო საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობებისა და სამთავრობო შენობების ფასადებზე,   გაიმართა გარემოსდაცვითი აქციები.

თბილისში სიმბოლურად ჩაქრა ნარიყალა, მშვიდობის ხიდი, სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, მერია, გაეროს სახლი, ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები.   
მრგვალ ბაღში, გაეროს სახლის წინ, ტრადიციულად შეიკრიბნენ დედამიწის საათის მხარდამჭერები - მთავრობის, თბილისის მერიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ასევე მოვიდნენ თბილისელები, რომლებმაც გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ დედამიწის საათისათვის და საკუთარი თანადგომა გამოეხატათ საქართველოს მწვანე და უსაფრთხო მომავლის მიმართ. 

მრგვალ ბაღში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გიგლა აგულაშვილმა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა; შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა; ნანა ჯანაშიამ - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა; და გიორგი სანადირაძემ - WWF კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.  

ღია ცის ქვეშ გაიმართა ჯგუფის The Wisky  კონცერტი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენა. ეკო კლუბების წევრებმა ანთებული სანთლებისაგან შექმნეს დედამიწის საათის სიმბოლო 60+, რომელიც შეგვახსენებს, რომ პლანეტაზე ზრუნვა მხოლოდ ერთი საათით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. 

ღონისძიების წამყვანებმა - ზურა ბალანჩივაძემ და გიგო შიუკაშვილმა, ისაუბრეს ახალ მსოფლიოზე, სადაც ყველა ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს დედამიწას, როგორც ჩვენს საერთო სახლს.    
აქციის ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და WWF კავკასია.

დედამიწის საათი პირველად 2007 წელს სიდნეიში (ავსტრალია) აღინიშნა. რამდენიმე წლის შემდეგ მოძრაობამ გლობალური ხასიათი მიიღო და ამჯერად  170 ქვეყანასა და ასეულობით მილიონ ადამიანს აერთიანებს. 2015 წელს დედამიწის საათის დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა 378 მილიონზე მეტი თვითი და 36.5 მილიონზე მეტი ფეისბუკის პოსტი. სიმბოლურად ჩაქრა 10 ათასზე მეტი ღირშესანიშნაობა, ისტორიული ძეგლი და  ცნობილი შენობა.