სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას ქართველი ქალი ფოტოგრაფების ფოკუსში ექცევაუკან

სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას ქართველი ქალი ფოტოგრაფების ფოკუსში ექცევა
სემინარი სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების საკითხებზე; ფოტო: UN Women

რას ნიშნავს სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება, როგორ უნდა იმუშაონ და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ ფოტოგრაფებმა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას? - აღნიშნულ თემებზე 21-24 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში, სემინარი მოეწყო. სემინარს სააგენტო Noor -ის წარმომადგენელი, ბრიტანელი ფოტოგრაფი ალიქსანდრა ფაზინა უძღვებოდა. 

სემინარს ის ქართველი ქალი ფოტოგრაფები ესწრებოდნენ, რომლებიც თანამედროვე სოციალური ხასიათის პრობლემების ასახვაზე არიან ფოკუსირებულები. ღონისძიების ფარგლებში, მათი მონაწილეობით, დისკუსია გაიმართა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრობლემაზე, რომელიც ხშირად უხილავ და გაუხმაურებელ პრობლემას წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტმა თამარ საბედაშვილმა იმ მძიმე გავლენაზე ისაუბრა, რომელსაც სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ქალების ცხოვრებასა და მათ პროდუქტიულობაზე ახდენს (ანაზღაურების კუთხით არსებული გენდერული უთანასწორობა, ქალთა დაბალი პროცენტული მაჩვენებელი მენეჯერულ პოზიციებზე და მათი დაწინაურების მცირე რაოდენობა). სექსუალური შევიწროება ხშირად უხილავია, რის გამოც მისი პრევენცია თუ აღმოფხვრა რთულია. პრობლემის დიდი ნაწილი საზოგადოების არატოლერანტულ და შეუსაბამო ქცევაშია, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, თუმცა პრობლემა მასშტაბურია და ჯერ კიდევ არ არსებობს ქვეყანა, სადაც სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას სრულადაა აღმოფხვრილი. 

„ფოტოგრაფების საქმიანობას დიდი წვლილი შეაქვს ასეთი უხილავი თუ ტაბუდადებული თემების გაშუქებისას. ბევრმა ჩვენ ირგვლივ შესაძლოა არც იცის, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, ამიტომ ამაზე საუბრის, ამ პრობლემის ვიზუალიზაციის დაწყება დროული და საჭიროა. რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების გადაღება არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის აუცილებელი“,-აღნიშნა სემინარზე ფოტოგრაფმა მზია საგანელიძემ. „ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ჯგუფურად არასდროს გვიმუშავია. ვფიქრობ, ერთად შეგვიძლია საზოგადოებაში ამ პრობლემის ცნობადობა გავზარდოთ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმ იდეებზე, რომლებიც სემინარის მიმდინარეობისას გაჩნდა და ვაპირებთ, ჩვენი ნამუშევრები ახლო მომავალში წარვადგინოთ“, -დასძინა კიდევ ერთმა მონაწილე ფოტოგრაფმა ლელი ბლაგონრავოვამ. 

„გვსურს, ვისარგებლოთ იმ შემოქმედებითი იდეებით, რომლებიც ფოტოგრაფებმა სემინარის დასასრულს წარმოადგინეს. ვგეგმავთ, ეს პრობლემა ქართველ ქალ ფოტოგრაფთა დახმარებით წარმოვაჩინოთ და ეს ფოტოპროექტი კანონმდებლებსა და დამსაქმებლებამდე მივიტანოთ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხელოვნება, მათ შორის ფოტოგრაფია, ქალთა ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანას ეხმარება“,-აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

თბილისის ფოტო ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება და იგი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიებაა. ყოველწლიურად ის საქართველოს დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების ნიმუშების გამოფენებს, ცნობილ საერთაშორისო ფოტოგრაფებს, ფოტოგრაფიის ექსპერტებს, კურატორებს, საერთაშორისო ჟურნალებისა და გაზეთების ფოტო რედაქტორებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და ფოტოგრაფიის ღამეს მასპინძლობს. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და თბილისის ფოტო ფესტივალის თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო, როცა ფესტივალის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 6 ცნობილი ქალი ფოტოგრაფის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა „რა შეცვალეს ქალებმა ფოტოგრაფიაში“ მოეწყო.