გაეროს წარმომადგენლობამ მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაცია "რუბიკის კუბიკი” მოსახლეობას გააცნოუკან

გაეროს წარმომადგენლობამ მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაცია

გაეროს დღესთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს, თბილისში მეტროსადგურ "რუსთაველთან" გაიმართა მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაციის "რუბიკის კუბიკის” წარდგენა. პროექტის მიზანია  მდგრადი განვითარების 17 მიზნის საზოგადოებისთვის გაცნობა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ნილს სკოტმა - გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა.

"დღეს გაეროს დღეა და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ დღეს საქართველოში ავღნიშნავთ. გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი გენდერული თანასწორობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და სხვა კუთხით პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. დარწმუნებულები ვართ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს და დაძლევს ყველა სირთულეს", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეიმუშავა 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი, რომლის ერთ-ერთი დევიზია — „არავინ ყურადღების მიღმა“. მიზნები ძალიან შთამბეჭდავია: სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა, პლანეტის უსაფრთხოების დაცვა და ყველა ადამიანის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ინსტალაცია "რუბიკის კუბიკი“, ისევე როგორც მდგრადი განვითარების 17 მიზანი, არის უნივერსალური, ურთიერთდაკავშირებული და რთულად განსახორციელებელი. საჭიროა გააზრებული და თანმიმდევრული მიდგომები ქვეყნის მდგრადი განვითარებისაკენ სწრაფვისა და ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისათვის.