რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ?უკან

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ?
ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2016 წლის 27 ივლისს გაიმართა საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევის შედეგების წარდგენა.

კვლევაში მიმოხილულია მოქალაქეთა დამოკიდებულება გზების, საზოგადოებრივი საბავშვო ბაღების, დასუფთავებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევაში ასევე განხილულია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“.

კვლევის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და თენგიზ შერგელაშვილმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების კვლევა ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3,800 მოქალაქის გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგებს. მასში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების ანალიზს.        

კვლევა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში.