1992 წლის ივლისში საქართველო გაეროს 179-ე წევრი გახდა, რაც ორგანიზაციის ღირებულებების და პრინციპების აღიარებას გულისხმობს. საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისი 1993 წლის დასაწყისში გაიხსნა. ამ დროიდან მოყოლებული ქვეყნის ერთიანი განვითარების და მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში ერთ გუნდად მუშაობს გაეროს მრავალი სააგენტო, ფონდი და პროგრამა.
ქვეყანაში ზოგიერთ სააგენტოს, ფონდს და პროგრამას მუდმივი ოფიციალური წარმომადგენლობა აქვს, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნის მხარდაჭერას ადგილობრივი წარმომადგენლობის გარეშე რეგიონული ოფისიდან ან გაეროს შტაბბინიდან ახორციელებს.
გაეროს ის სააგენტოები, რომელთაც მუდმივი წარმომადგენლობა აქვთ ქვეყანაში საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფში (UNCT) ერთიანდებიან. საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფს გაეროს მუდმივი კოორდინატორი ხელმძღვანელობს. ეს ჯგუფი საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით მუშაობს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2016-2020 წწ. გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმა მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც მუშაობისთვის მნიშვნელოვან და ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებებს გამოჰყოფს. გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის არის ცოცხალი დოკუმენტი; იგი საშუალებას აძლევს გაეროს სააგენტოთა ჯგუფს თვალი მიადევნოს საკუთარ მუშაობას და მათი საქართველოში საქმიანობის მთავარი მიმართულებები შეუსაბამოს ქვეყნის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.